პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში, შაბათს, 11 ივლისს, უკრაინაში ვოლინის ოლქში ჩავა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, ვიზიტის მიზანია ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა.
„უკვე მრავალი წელია, ლუცკის ეპისკოპოსი ვიტალი სკომაროვსკი ამ ადგილზე სამგლოვიარო ღონისძიებებს აწყობს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები იქნება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ პოლონელი იყო. მსხვერპლნი შურისძიებისკენ კი არა, მეხსიერებისა და სიმართლისკენ მოგვიწოდებენ,“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია პოლონეთ-უკრაინის ისტორიული დავების ირგვლივ ემოციების გაღვივებით.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს ანკარის სამიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის შეხვდა. ზელენსკიმ შეხვედრას მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული უწოდა.
ცნობისათვის, ვოლინის ხოცვა-ჟლეტა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, რასაც ათეულობით ათასი პოლონელი, მათ შორის, პოლონელი ებრაელი, და უკრაინელი ემსხვერპლა. პოლონური მხარის თქმით, მკვლელობები, რომლებიც განხორციელდა 1943-1945 წლებში სტეპან ბანდერას ხელმძღვანელობით, უკრაინის მეამბოხე არმიისა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის მიერ, გენოციდის ელემენტებს შეიცავს. უკრაინა არ იღებს ამ მტკიცებას და ხშირად მოიხსენიებს ვოლინის მოვლენებს, როგორც პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ნაწილს, რომელიც შეეხო ორივე ერს. როგორც მედია წერს, პოლონელი ისტორიკოსები ამბობენ, რომ 12 000-მდე უკრაინელი ასევე დაიღუპა პოლონეთის საპასუხო ოპერაციების შედეგად.