დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებზე განხორციელებული თავდასხმების გამო ახალი სანქციები დაუწესა. იუწყება CNN
ახალი სანქციები ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საპასუხო ზომების მორიგი ეტაპია. სანქციები დაწესდა იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს, რადგან დიპლომატიური ძალისხმევა ჩიხში შევიდა. მიმდინარე კვირაში აშშ-მა რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა და ასევე გააუქმა გამონაკლისი, რომელიც ირანს სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობას აძლევდა.
პარასკევს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
უახლესი სანქციები მიმართულია ირანელი ალი ანსარის წინააღმდეგ, რომელიც, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, „მართავს ირანის ლიდერის, მოჯთაბა ხამენეისა და რეჟიმის სხვა წარმომადგენლების სასარგებლოდ მოქმედ გლობალურ ფინანსურ ქსელს“.
სანქციები ასევე შეეხო ირანის წამყვან სავალუტო კომპანიებს, რომლებიც, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „სანქცირებული ირანული ბანკების სახელით ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებს ახორციელებენ“.