უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი, სწრაფი რეაგირების გაერთიანებული ძალების შექმნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც სახმელეთო ძალების შემადგენლობაში იქნება.
„ხელი მოვაწერე განკარგულებას ერთობლივი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ. ეს უნდა იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი კომპონენტი, რომელიც გააერთიანებს მოიერიშე ჯარების საბრძოლო შესაძლებლობებს, აუცილებელ უპილოტო და საარტილერიო კომპონენტებსა და სხვა საშუალებებს ფრონტზე უსწრაფესი რეაგირებისთვის. ეს უნდა იყოს თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული საიერიშო კომპონენტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ახალ ძალებს სათავეში გენერალი დმიტროვოლოშინი ჩაუდგება, რომელსაც მისი ფორმირება დაავალა.
ზელენსკის თქმით, ვოლოშინს შეუძლია ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
უკრაინის გმირი, ბრიგადის გენერალი დმიტრო ვოლოშინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ჯარების მე-8 კორპუსს მეთაურობდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ის 2008 წლიდან მსახურობს, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს 2014 წლიდან.
კორპუსის მეთაურად დანიშვნამდე ის ხელმძღვანელობდა 82-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბუკოვინის ბრიგადას.
ვოლოშინი მონაწილეობდა ხერსონის ოლქის გათავისუფლების ოპერაციაში, ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებში, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უკრაინის კონტრშეტევაში, ასევე ვოვჩანსკის დაცვასა და კურსკის ოპერაციაში.
2025 წლის მაისში ის სათავეში ჩაუდგა ახლადშექმნილ უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ჯარების მე-8 კორპუსს.