უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ მისი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებიც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უკვე წარადგინა საკუთარი ინიციატივები მშვიდობის დასაახლოებლად, კრემლის უარი ომის დასრულებაზე კი თავად რუსეთის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.
„საწვავის კრიზისი სრულიად სამართლიანად ღრმავდება პუტინის მიერ ამ ომის დასრულებაზე უარის საპასუხოდ. ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, როგორ მივუახლოვდეთ მშვიდობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ომის გაჭიანურების შედეგებს და მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიების აუცილებლობას.
„ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა არა მხოლოდ მსოფლიოს პარტნიორების მხრიდან, არამედ პუტინის გარემოცვაშიც. იქაც ესმით, რა ხდება და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს განწყობა რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.