რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, განაცხადა, რომ თეთრ სახლთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტზე შეთანხმება მიღწეულია და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მის მხარდაჭერას აპირებს.
გრემის თქმით, მან, სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და ჯინ შაჰინმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად იმუშავეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ კანონპროექტი ადმინისტრაციისთვის მისაღები იქნებოდა და ისე იყო ფორმულირებული, რომ მისი მხარდაჭერა შესაძლებელი გამხდარიყო.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დაახლოებით 30 წუთის წინ თეთრ სახლთან მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ. ეს ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა,“ - განაცხადა გრემმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ის და ბლუმენტალი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ლიდერებს შეხვდებიან, რათა გაარკვიონ, შეძლებენ თუ არა კანონპროექტის კონგრესში სწრაფად წინ წაწევას.
გრემის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისცემს საჭირო ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულებას.“
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს გამართავს დონალდ ტრამპთან და იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და სანქციებს გვერდს უვლიან, რათა დაარწმუნოს ისინი, ხელი შეუწყონ ომის დასრულებას.