ეს ქარდი არანაირად არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც არსებობს ჩვენს გუნდში და გინდა, ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ "იმედის" ქარდზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად არის გამოსახული.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განცხადების მიხედვით, დააიდენტიფიცირეს "ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა "იმედის" მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად."
ვოლსკის თქმით, აღნიშნული ქარდი მისთვის გაუგებარია.
"არსებობს ასეთი ქარდებით ბრძოლა რა, გამოაქვეყნებენ, მერე რაღაცა განცხადებას გააკეთებენ ისეთს, რომელიც არ შეესაბამება არც პოლიტიკურ პროპაგანდას და არც პიარს, იმას, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მისდევს.
ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ გაუტოლებია საკუთარი თავი არავისთვის. ძალიან წყნარად, ყოველგვარი დაყვედრების გარეშე, უამრავი პრობლემა განუხორციელებია ქვეყნისთვის პოლიტიკის შიგნით თუ პოლიტიკის გარეთ. არასოდეს თავისი თავი არ დაუყენებია ამ სამეულში. არც არის ეს ასე მოსააზრებელი. ყველას თავისი როლი და თავისი მნიშვნელობა აქვს ისტორიისთვის.
ეს ქარდი რას ნიშნავს, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, ვინაიდან ეს არანაირად არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც არსებობს ჩვენს გუნდში და გინდა, ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას. არასდროს არავის გვერდზე საკუთარი თავი არ მოუაზრებია მას პირადად და ჩვენც არასდროს გვითქვამს, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ერთად უნდა იყოს განხილული სხვადასხვა ისტორიული ფიგურა, მითუმეტეს ქართული ოცნების პარტიის დამფუძნებელი. საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს, თუ როგორც არის, ან ვინ არის გაბრაზებული, არ ვიცი. ტროლებიც თქვენ ხართ და ბოტებიც თქვენ ხართ. ტროლებით არ არის ქართული ოცნება დაკავებული," - განაცხადა ვოლსკიმ მედიასთან.