შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე ლომატურცხის მაგისტრალური არხის 21,5-კილომეტრიანი მონაკვეთი მცენარეული საფარისა და ნატანი მასისგან იწმინდება.
აღნიშნული სისტემა ემსახურება სოფლებს: ალათუმანს, კოჭიოს, ღადოლარს, ლომატურცხს, ტურცხს, კოთელიას, ხანდოსა და ვარევანს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა, რაც 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
მსგავსი სამუშაოები სამელიორაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებასა და ფერმერებისთვის წყლის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს.