[ნატო-ს] სამიტზე დასწრების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და რატომ არ ვართ წარმოდგენილები, ჰკითხეთ ორგანიზატორებს. რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოში, რეგიონში სამძიმარზე ჩასვლას თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩასვლას, ეს არის რეგიონი და ჩვენ ამას ასე გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ცნობილია, სამიტზე საქართველო არ არის მიწვეული.
კირცხალიას თქმით, როცა სადმე არ იწვევენ, ძალიან ნაკლებს ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით.
“სამიტზე დასწრების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და რატომ არ ვართ წარმოდგენილები, ჰკითხეთ ორგანიზატორებს. რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოში, რეგიონში სამძიმარზე ჩასვლას თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩასვლას, ეს არის რეგიონი და ჩვენ ამას ასე გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ის პრაგმატული პოლიტიკა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც მიჰყვება „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით. ამაზე წესით და რიგით ნორმალურ მოქალაქეს კითხვა არ უნდა უჩნდებოდეს, როდესაც სამეზობლოში სახელმწიფოს წარმომადგენელი მიბრძანდება სამძიმრის გამოსაცხადებლად. ჩვენ ამ პრინციპებით ვცხოვრობთ და ვფუნქციონირებთ. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ეს პრინციპებია თითოეულ ქართველსა და ჩვენგანში, რომ სამეზობლოში ყოველთვის არის ურთიერთპატივისცემა და არის ის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც პატივისცემასა და პარიტეტულ საფუძვლებზეა აგებული.
რაც შეეხება ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს, სადაც მიგვიწვევენ და ჩავთვლით საჭიროდ, რომ უნდა წავიდეთ როცა მიგვიწვევენ, რა თქმა უნდა, ყველგან ვიქნებით წარმოდგენილი ღირსეულად, ისე როგორც ყველგან ვართ ღირსეულად წარმოდგენილი. როცა სადმე არ მიგვიწვევენ, ძალიან ნაკლებს ვფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა. ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობა არის ერთი, რომ ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს ის უწყვეტი სამშვიდობო პერიოდი, რომელიც არის 2012 წლიდან“, - განაცხადა კირცხალიამ.
ნატო- ს სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. შეხვედრას ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები დაესწრებიან.