ლევან ხაბეიშვილის გადადგომის რეალური მიზეზი იყო ის ტერორი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც მოგვიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულმა ჯგუფმა, ვინც ელიტას წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ აწამეს ლევან ხაბეიშვილი, როგორ დაულეწეს სახის ძვლები. სწორედ ამის შემდეგ მივიდა ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში და ყველამ ნახა „ქართული ოცნების“ სახე და კი, მას ჰქონდა ფიზიკური პრობლემები. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ვინც ელიტას წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ფიქრობდნენ, რომ ის იყო გაერთიანებისთვის მთავარი პრობლემა. ლევან ხაბეიშვილს არ უყოყმანია, დატოვა ეს თანამდებობა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამ რეპრესიას და ტერორს, ოპოზიციის ამ „ბაბლმა“ ვერ უპასუხა სათანადოდ, ვერ გაერთიანდა, დაიყო ჯგუფებად, რაც აისახა 2024 წლის არჩევნებზე. ამასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილმა დაჭერამდე ისაუბრა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისი თქმით, პოლიტიკაში კეთილსინდისიერება და გამჭვირვალობა უმთავრესია და ამ ფასეულობას ყველაზე მეტად პატივს სცემს ლევან ხაბეიშვილი.
„რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტის გასაძლიერებლად კონკრეტული ნაბიჯებიც გადაუდგამს და საკუთარ თავისუფლებას ანაცვალა ეს ბრძოლა. კეთილსინდისიერებაზე და გამჭირვალებაზე თუ ვლაპარაკობთ, ეს ნამდვილად ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს და ვინმეს ეს თუ არ აქვს, მისი პრობლემაა, რაც ამცირებს მის პოლიტიკურ რესურსებს. ლევან ხაბეიშვილმა ამაზე ისაუბრა არჩევნების შემდეგ, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ისაუბრა მავნე დამოკიდებულების შესახებ, რომელიც არსებობდა 2024 წელს და ახლაც არსებობს. თუ კონკრეტული ადამიამები საკუთარ ეგოებს ვერ გადააბიჯებენ, არ აირჩევენ ეროვნულ იტერესს, რა თქმა უნდა, ამით საერთო ბრძოლას დააზიანებენ, რითაც ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს. ყოველთვის ვიყავით გულწრფელი. მე წარმოვადგენ ლევან ხაბეიშვილის სამეგობროს, ამას პირდაპირ ვამბობ, მაგრამ ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილის ერთგული, ამ ბრძოლაში ვართ მისი თანამებრძოლები და სწორედ ამას ემსახურებოდა ის, რომ ლევან ხაბეიშვილმა უყოყმანოდ დათმო თანამდებობა, რომელიც არჩევნების გზით მოიპოვა და არ გამხდარა რაიმე ტიპის პრობლემა", - განაცხადა ფარულავამ [საზოგადოებრივი მაუწყებელი].