ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად. ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელ-ნელა, - ასე ეხმიანება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსი, „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლოში პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებას.
გვარამია წერს, რომ მოწმის სტატუსის მქონე სამართალდამცავები სასამართლოში ჩვენების მიცემისას მის „მარჯვენა ხელს“ ახსენებენ, თუ როგორ აწია ის გვარამიამ და „ხალხმაც როგორ იხუვლა“.
„საბოტაჟის საქმეზე კიდევ ორმა მოწმემ მახსენა. უფრო სწორად, ჩემი მარჯვენა ხელი ახსენა. მარტო ეგ ახსოვთ, როგორც წინა მოწმეებს: აწევდა თუ არა მარჯვენა ხელს, ხალხი იხუვლებდა და პარლამენტისკენ იძვროდაო. არაფერი არ ახსოვთ მეტი - არც სიტყვები, არც სახის გამომეტყველება, არც სად ვიდექი, რა მეცვა, რას ვაკეთებდი, არც მარცხენა ხელი, მარტო მარჯვენა ხელი და მისი აწევ-დაწევა. დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი. ტოსკანინი, ფონ კარაიანი, ბარენბოიმი და მე. ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად. ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელ-ნელა“, - წერს გვარამია.