უნდა შევწყვიტოთ მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნა - საპასუხოდ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს - „აბა დღეს ჩვენ დიქტატურას რა ვატკინეთ“. მუდმივად უნდა მივაყენოთ მას საპასუხო ტკივილი. ჯამში დიქტატურას ჩამოშლის ჩვენს მიერ მიყენებული „ათასი ჭრილობა“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რასაც ელენე ხოშტარიას უკეთებენ, მტკივნეულად ნაცნობია მისთვის.
„ათასი ჭრილობა დიქტატურას. ის, რასაც ელენეს [ხოშტარიას] უკეთებენ ახლა, მტკივნეულად ნაცნობია ჩემთვის:
როცა აჭიანურებენ ჰოსპიტალიზაციას და გადაყვანის შემდეგ შენთან შემოსული ექიმები გეუბნებიან ერთს და გარეთ პრესასთან გასულები ხდებიან სხვა ადამიანები და ღიად ტყუიან;
როცა ნამდვილი დიაგნოზის დასმას, თავს არიდებენ;
როცა დირექცია ღიად დაგცინის და ყველანაირად მიანიშნებს, რომ სინამდვილეში არაფერი გჭირს;
ამავე დროს, როგორც ჩემ შემთხვევაში იყო, საზოგადოებას აჩვევენ შენს შესაძლო გარდაცვალებას კლინიკაში. ეს ყველაფერი „ნულოვანი თანაგრძნობის" მიდგომის ნაწილია.
ჩვენც უნდა შევწყვიტოთ მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნა. ვინაიდან ეს დიქტატურის სადისტურ ინსტინქტებს კვებავს და მას აძლიერებს.
საპასუხოდ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს - „აბა დღეს ჩვენ დიქტატურას რა ვატკინეთ". მუდმივად უნდა მივაყენოთ მას საპასუხო ტკივილი. ჯამში დიქტატურას ჩამოშლის ჩვენს მიერ მიყენებული „ათასი ჭრილობა“.
ჩვენ მუდმივად გვირტყამენ, რომ ამისთვის ვერ მოვიცალოთ, მაგრამ უნდა წამოვდგეთ ფეხზე და პასუხი გავცეთ. მხოლოდ ასე გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას გარდაუვალი კატასტროფის საფრთხისგან”,- წერს სააკაშვილი.