პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
გიორგი გახარიას პარტია მომხდარ ფაქტს სისტემურ დანაშაულად აფასებს.
"ეს სისტემური დანაშაულის გამოვლინება, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა იყო. ამის კადრები არსებობს და გაშიფრვა ძალიან მარტივად შეიძლება. უკვე 4 დღე გავიდა და პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაუყოვნებლივ დაეწყო. ამას ჩვენი წერილობითი მიმართვა არ სჭირდებოდა. მაგრამ, რადგან ვნახეთ, რომ დღემდე არანაირი რეაგირება არაა, ამიტომ პროკურატურას წერილობით მივმართეთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს". - თქვა პარტიის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.
სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.
გავრცელებული კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ "ქართული ოცნერბის"დეპუტატები გახარიას პარტიის დეპუტატ გიგა ფარულავაზე.
ფოტო: "პუბლიკა"