სასამართლომ გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის ძალადობის ბრალდებით დაკავებული სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.
ჟურნალისტ გურამ როგავას თქმით, სასამართლო სხდომაზე, მის საქმეზე დაკავებულმა სპეცრაზმელმა ბოდიში მოუხადა, თუმცა ის ეჭვობს, რომ ბრალდებული მასზე თავდამსხმელი ადამიანი იყოს - "პატიმრობაში იყო და მას უთხრეს, რომ აი ახლა შენ ახალ ბრალს "შეიტენი".
"ბრალდებულმა მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ის ნამდვილად ჩემზე თავდამსხმელია",- განაცხადა გურამ როგავამ.
როგავას თქმით, აღნიშნული საქმე, შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალ სანქციებს და ხელისუფლება, შესაძლოა სწორედ ამის განეიტრალება სცადა.
"სავარაუდოდ, ის პირი, რომელიც ჩემ საქმეზე დააკავეს არ არსი ჩემზე თავდამსხმელი, მისი აღნაგობა არ ემთხვევა ვიდეოში არსებულ მოქალაქეს, სპეცრაზმელს. ჩემი საქმე არის ერთ-ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალ სანქციებს და ხელისუფლებამ, ჩემი ეჭვით, შესაძლოა სცადა სწორედ ამის განეიტრალება, მხოლოდ სცადა არა რეალური გამოძიებით, არამედ ფორმალურად, ფასადურად გამოავლინა პირი, რომელიც ისედაც, თურმე, როგორც ირკვევა, პატიმრობაში იყო და მას უთხრეს, რომ აი ახლა შენ ახალ ბრალს "შეიტენი". მე აქ დღეს მოვედი იმ მიზნით, რომ თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემ საქმეზეა დაკავებული, მან მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მე მაქვს ამ დროისთვის საფუძველი, რომ შევიტანო ეჭვი იმაში, რომ ის ნამდვილად არის ცემაზე თავდამსხმელი," - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ როგავამ.
პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.