„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ელენე ხოშტარიასთვის სათანადო სამედიცინო დახმარების მიწოდების საკითხს სპეციალური განცხადებით ეხმიანება.
საია-ს განცხადებით, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების შიდა სამედიცინო რესურსი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მისი ადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებით კი, “იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები“.
საია-ს შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი არაჯეროვანი გაწევა გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების დარღვევას, ამჯერად უკვე კონვენციის მე-3 მუხლის - წამების აკრძალვის მიმართულებით.
"2026 წლის 17 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საპატიმროში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების შესახებ. პენიტენციური სისტემა ვალდებულია პატიმარს უზრუნველყოფდეს ზუსტად იმავე ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოცულობის სამედიცინო სერვისებით, რაც გარანტირებულია ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქისთვის სამოქალაქო სექტორში (სამედიცინო მომსახურების ექვივალენტურობის პრინციპი).
სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფიზიკური კეთილდღეობა, მათ შორის, მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით. ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობა შეიძლება გაუტოლდეს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.
პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო დახმარების შეფასებისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს სამედიცინო დახმარების ადეკვატურობა. ამ საკითხის შეფასებისას სტრასბურგის სასამართლო ხელმძღვანელობს ჯეროვანი გულმოდგინების (due diligence) ტესტით. შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა დროულად უნდა მიმართონ ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო ზომას კეთილსინდისიერი ძალისხმევით.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მძიმე დაავადებების დროს მკურნალობის გაჭიანურება და პატიმრის დატოვება ისეთ პირობებში, სადაც მას ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულის ფუნქციების შეუქცევადი დაზიანება ემუქრება, უთანაბრდება კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
ანალოგიურად, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიუწოდებლობა პატიმრობას შეუთავსებელს ხდის პირის ჯანმრთელობასთან.
ამრიგად, როდესაც დაწესებულების შიდა სამედიცინო რესურსი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მისი ადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებით, იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი არაჯეროვანი გაწევა ასევე გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების დარღვევას ამჯერად უკვე კონვენციის მე-3 მუხლის, წამების აკრძალვის, მიმართულებით“, - აცხადებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.