თბილისი მოსკოვს კიდევ ერთ საპროტესტო ნოტას უგზავნის. ამჟამად ქართული მხარის პროტექსტი რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ სოფელ პერევიდან საქართველოს მოქალაქის გატაცებას უკავშირდება.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი,
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის მხარისათვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა გადაეცემა.
"ეს დანაშაულებრივი ფაქტი არის რუსეთის საოკუპაციო ჯარების მორიგი მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მთავარი ამოცანაა უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე და ამყოფოს ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივი ზეწოლის ქვეშ. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი მცდელობისა, მათ შორის საქართველოში ამჟამად ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის ძალისხმევისა აიძულოს რუსეთი პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, რუსი ოკუპანტები დღემდე აგრძელებენ მათ მიერვე დამკვიდრებულ ადამიანთა გატაცების ბინძურ პრაქტიკას", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარის ქმედებათა გამო, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს პროტესტს გამოთქვამს და აღნიშნულ კონტექსტში დაჟინებით მოითხოვს საქართველოს გატაცებული მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, აგრეთვე რუსეთის მხრიდან ამ და სხვა მადესტაბილიზებელი და პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტას.
შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან, რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე რამაზ მაკასარაშვილი გაიტაცეს და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.