თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გამო, სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
„მე დავწერე „პოსტი“ ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა. წყევლა არ მიმაჩნია შეურაცხყოფად“, - განაცხადა თამარ გიორგაძემ ჟურნალისტებთან.
საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
სამმართველოს აზრით, პოსტის შინაარსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
აღნიშნული მუხლი ჯარიმას [500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით] ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით ითვალისწინებს.