ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, მან მთავარი სათქმელი უკვე თქვა ჩვენი საზოგადოებისთვის და საბოლოოდ დასვა აგენტურული პოლიტიკური ჯგუფების დიაგნოზი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მისასალმებელია ნანუკა ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც კვლავ თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში. მისი განცხადებით, ეს დღეები გამოიყენა, რომ ხალხთან, ოჯახებთან ჰქონოდა ურთიერთობა და წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან როდესაც იკრიბებიან ოჯახები, მეგობრები, პირველ სადღეგრძელოს ამბობენ უფლის სადიდებელს, შემდეგ – მშვიდობისა და საქართველოსას. სინამდვილეში, ამან გვაჩვენა და დასვა დიაგნოზი, რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის. არა თუ ის არ იციან, რა ეკონომიკური, პოლიტიკური საზრუნავი აქვს ხალხს, რა შიშები, ოცნებები, რაზე ფიქრობენ, არამედ ელემენტარული საბაზისო საკითხი არ იციან. ახლა აღმოაჩინეს, რომ ქართულ სუფრაზე პირველ სადღეგრძელოდ უფლის სადიდებელი ითქმის. ასე რომ, მადლობა მას ამისთვის. ფაქტობრივად, მთავარი სათქმელი უკვე თქვა ჩვენი საზოგადოებისთვის და საბოლოოდ დასვა ამ აგენტურული პოლიტიკური ჯგუფების დიაგნოზი. რაც შეეხება მათ შემდეგ ნაბიჯებს, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ვინმეს საერთოდ წარმოადგენენ. ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით. ერთმანეთში კამათი მოსდით არა იმაზე, როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს, არამედ ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს, ვინ იქნება უკეთესი შემსრულებელი მათი დაკვეთების, ვინ მეტ ნადავლს მიართმევს ლანგრით უცხო პოლიტიკურ ჯგუფებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.