ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი სომხეთს 100 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
სავარაუდოდ, საერთო თანხიდან 65 მილიონი ევრო კრედიტის სახით იქნება წარმოდგენილი, 35 მილიონი კი - გრანტის სახით. პროგრამაში არის რიგი პირობები, რომლებიც სომხეთმა ფულის მიღებისათვის უნდა შეასრულოს.
კერძოდ, საუბარი შეეხება სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში რიგი ღონისძიებების ჩატარებას, საპენსიო სისტემის რეფორმირებას, შიდა ფინანსური კონტროლის დამყარებას საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე და ა.შ.
დახმარების პირველი ნაწილი, 40 მილიონი ევრო, შესაძლოა, მიღებული იყოს სომხეთის პარლამენტის მიერ მემორანდუმისა და სესხისა და გრანტის შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ. დახმარების მეორე ნაწილს კი, ერევანი სავარაუდოდ შემოდგომაზე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ გლობალური კრიზისი სერიოზულად აისახა სომხეთის ეკონომიკაზე. მთლიანი შიდა პროდუქტის წილი 2009 წელს 14,2 % შემცირდა. 2010 წელს ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო და მთლიანი შიდა პროდუქტი 4 %-ით გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები