ტალახის სროლა არაფრის მომტანია და დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორია, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის, -ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „„ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი“ თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად“.
„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თავიანთ საქმეში იყვნენ წარმატებულები. სააკაშვილმა კი ჯერ ეს ქვეყანა ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს, შემდეგ – საკუთარი თავი და შუაში რამდენჯერმე ჩამოშალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთ დროს „ვარდების რევოლუციის“ ფლაგმანი. სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს საღი აზრის, ერთ-ერთი ასეთი გამონათების დროს ნათქვამი აქვს: „სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ დააგროვებს“. მის ამ ფრაზას ვეთანხმები და პერიოდულად საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე. ვიცი, რამდენად აფასებს საკუთარ თავს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.