რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოიმ განაცხადა, რომ კულტურის სფეროს შეუძლია ეტაპობრივად აღადგინოს ის ნდობის ატმოსფერო, რომელიც, მისი თქმით, ადრე არსებობდა რუსეთსა და საქართველოს შორის.
„კულტურა არის ის სფერო, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, რაიმე ძალდატანებითი პოლიტიკური ნაბიჯების გარეშე, აღადგინოს ნდობის ატმოსფერო ჩვენს ქვეყნებს შორის“, - თქვა შვედკოიმ.
მისი განცხადებით, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობს ურთიერთმიზიდულობა და „ძალიან ღრმა ისტორიული კავშირები“.
შვედკოი, რომელიც ასევე არის მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ესწრებოდა სპექტაკლების ჩვენებას - „ცირკის პრინცესა“ და „რევერსი“, რომლებიც 14–15 ივნისს თბილისში გაიმართა .
მისი თქმით, აღნიშნული კულტურული ღონისძიებები „მაღალი ინტერესის მქონეა“ დღევანდელი ქართულ-რუსული კონტაქტებისთვის და მიზნად ისახავს თანამედროვე რუსული ხელოვნების, კინოსა და თეატრის წარმოჩენას საქართველოში.
შვედკოიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა ქართველი ხელოვანებისთვის და თქვა, რომ რუსეთში მრავალი ქართველი მუსიკოსი და შემსრულებელი მუშაობს, ხოლო ქართული კოლექტივები რეგულარულად მართავენ გასტროლებს რუსეთში.