უკრაინამ და უნგრეთმა ზაკარპატიაში მცხოვრები უნგრელი თემის უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმების მიღწევის შემდეგ ბუდაპეშტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას.
ამის შესახებ გამოცემა უნგრულ მედიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად აიღო ვალდებულება, შეასრულოს შეთანხმების ყველა პუნქტი და ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში ასახოს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ნაწილია.
„ზაკარპატიაში მცხოვრები უნგრული თემის საგანმანათლებლო, კულტურული, ენობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ უნგრეთსა და უკრაინას შორის ისტორიულმა შეთანხმებამ ოფიციალური სტატუსი მიიღო“, - დაწერა მადიარმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები დაახლოებით 100 ათასი ეთნიკური უნგრელის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების კომპლექსურ მოწესრიგებას.
უნგრელი უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებული დავა ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი პრობლემური საკითხი იყო. უნგრული მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ უკრაინის განათლებისა და ენის შესახებ კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა ეროვნული უმცირესობის უფლებები შეზღუდა.
მადიარის განცხადებით, მისმა მთავრობამ მოლაპარაკებების პროცესის დასრულება რამდენიმე კვირაში შეძლო.
„რამდენიმე კვირაში შევძელით იმ პრობლემის მოგვარება, რომლის გადაწყვეტაც ორბანის მთავრობამ ათი წლის განმავლობაში ვერ შეძლო“, - აღნიშნა მან.
მიღწეული შეთანხმების შემდეგ უნგრეთმა თანხმობა განაცხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველ კლასტერს გახსნის.