სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შსს დაგვაჯეროს, რომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა - მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ მსგავსი მასალა, გაასაჯაროვეთ,- ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ისინი პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველ, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმიანებიან.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ ეს არის საქართველოში უკვე დამკვიდრებული სისტემური წამების პრაქტიკა.
„ვნახეთ სისტემური წამების ამსახველი კადრები, რომელიც თავად პოლიციელებმა გადაიღეს ქობულეთის პოლიციაში, ამიტომ ყველას, ვისაც არ გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება მოგიწოდებთ, რომ დღეს საღამოს 19:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან, საიდანაც გაიმართება მსვლელობა.
სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შსს დაგვაჯეროს, რომ ვითომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს პოლიციაში, მის განყოფილებებში.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ გორში შემთხვევით გადაღებული ადამიანების წამების, ღირსების შელახვის ამსახველი კადრები. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ შსს-ს თანამშრომლები თავად იღებენ წამების ამსახველ ვიდეო-მასალას და შემდეგ აზიარებენ სხვადასხვა ჩათში.
აქვე მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც გაქვთ მსგავსი მასალა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისტემური ძალადობის ამსახველი მასალა, გაასაჯაროვეთ ეს მასალა. ამით, ერთი მხრივ, შეამსუბუქებთ საკუთარ პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, დაიცავთ სხვებს სისტემური წამებისგან.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად ამ წამების ფაქტის დროს, რაც ჩვენ ვიხილეთ, აჭარის პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, რომლის ჩვენების საფუძველზე ციხეში ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ვინმეს სჯერა, რომ აჭარის პოლიციის უფროსმა არ იცოდა რა ხდებოდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში? რა თქმა უნდა არა. ამიტომ, ეს მოძალადე მწამებელი სისტემა უნდა დასრულდეს, დამხობა რეჟიმის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.