წარმომადგენელთა პალატის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი აქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტებს ავალებს, წარადგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, ტრამპთან დალაგების ნაცვლად, “ოცნებამ” აშშ-ის კონგრესისგან მძიმე დარტყმა მიიღო.
„ტრამპთან დალაგების ნაცვლად, “ოცნებამ” აშშ-ის კონგრესისგან მძიმე დარტყმა მიიღო.
წარმომადგენელთა პალატის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი აქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტებს ავალებს წარადგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება. ეს არის მკაფიო დასტური, რომ აშშ აღრმავებს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს საქართველოსადმი და ამავე დროს აცნობიერებს, რომ “ოცნების” რეჟიმის პირობებში საქართველო გახდა მტრულ რეჟიმთა პლაცდარმი.
რეჟიმის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ისინი ამერიკასთან ნორმალიზებას შეძლებდნენ, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი აშშ-ის მიერ აღქმულია, როგორც უსაფრთხოების რისკების წყარო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტს დაუჭირა მხარი წარმომადგენელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ორივე პარტიიდან.
საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ბრაიან მასტის მწვავე შეფასებები, რომ “ჩინური კონსორციუმის შერჩევა [ანაკლიის] მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში…” შეიცავს საფრთხეებს და რისკებს ქართული და ამერიკული ეროვნული ინტერესებისთვის, საგულისხმო იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის განცხადება ანაკლიასა და შუა დერეფანთან დაკავშირებით.
ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკა არის ღრმად დაინტერესებული შუა დერეფნის და ანაკლიის განვითარებით, საქართველოს ჩართვით ტრამპის სახელობის კეთილდღეობის და მშვიდობის გზაში, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებით და რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით.
რაც მნიშვნელოვანია, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ახალი აქტის ანალოგიური ჩანაწერი გაკეთდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომლის მეშვეობით კანონმდებლები აშშ-ის აღმასრულებელს, თეთრ სახლს, პენტაგონს და სხვა ინსტიტუტებს, პრაქტიკულად, პირდაპირ ავალებენ განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს საქართველოში არსებული ვითარება.
კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აგრეთვე ავალებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც შეაფასებს აშშ-ის დაფინანსებას და სამხედრო, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების შესაძლო გადახედვას.
იდენტური შინაარსის ჩასმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზების აქტში, რომელიც ე.წ. აუცილებლად დასამტკიცებელი საკანონმდებლო პაკეტია, ზრდის შანსებს, რომ ის სულ მალე გახდეს კანონი“, - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.
აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი და ის ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.
კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.