სამი წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის. გადავდივართ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეთანხმებას დღეს მოეწერა ხელი.
„ეს საკითხი საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. იცით, რომ დაახლოებით სამი წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის. ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი. ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის, გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული. იცით, რომ დაწესდა უვიზო მიმოსვლა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები უკვე წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვაქვს. ეს მოიტანა სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა უკვე გადავდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე. ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.