საქართველო ყველა პირობას ასრულებს, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ვიზალიბერალიზაციის მართვის პროცესთან დაკავშირებით. რაიმე შენიშვნა თუ იყო, ამას ყოველთვის ოპერატიულად ვეხმაურებოდით და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„დაემატა საკითხები, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენ მაქსიმალური თანხვედრა გვქონდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ანუ, ოკუპირებულ ქვეყანას, რომელსაც არც ნატო-ს ქოლგა გვაქვს და არც ეკონომიკური ბალიში ევროკავშირის სახით, გვეუბნებიან, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გამოიწვევს არა მხოლოდ ეკონომიკურ კოლაფსს ან ეკონომიკური პრობლემების გამწვავებას, არამედ მთელი რიგი პოლიტიკური ხასიათის პრობლემებს. ზეწოლა მაქსიმალურად ხდება ისეთ საკითხებზე, რომელსაც ევროკავშირთან არანაირი პირდაპირი და, ხშირ შემთხვევაში, არც რაიმე მნიშვნელოვანი ირიბი კავშირი არ აქვს. ეს ემსახურება იმას, რომ საქართველოს მდგომარეობა რამენაირად დამძიმდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური ზეწოლის იარაღად წინა პლანზეა წამოწეული.
„ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რუსეთთან დავაწესოთ პირდაპირი სანქციები? ახლა ვარ დელეგატი, დეპუტატი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს წარმოვადგენ, სადაც ეკონომიკის დიდი ნაწილი დამოკიდებულია მათ შორის, ღვინის, ხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე რუსეთში. ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რუსეთთან ჩვენ თუ დავაწესებთ სანქციებს, საქართველოდან მიმავალ უამრავ პროდუქციას, რომელიც გადის რუსულ ბაზარზე, როგორი ბედი ექნება? ახლაც გადის ევროკავშირში საქართველოდან პროდუქცია, მაგრამ ევროკავშირის ბაზარი არ არის სრულად საქართველოს პროდუქციის ამთვისებელი, მით უმეტეს, ისეთი პროდუქტების, რომლის სიჭარბეც თვითონ ევროკავშირს აქვს.
ამიტომ ბაზრებისა დივერსიფიცირებაა საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი წარმატების აუცილებელი წინაპირობა. ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკურ გართულებებზე, რომელიც შეიძლება, რუსეთის ფედერაციასთან ასეთ დაპირისპირებას მოჰყვეს? არავინ. მიზანია, მოხდეს დაპირისპირება და ამის მსხვერპლი საქართველო იყოს. რატომღაც ეს მიზანია და ამიტომ მოგვიწოდებენ სწორედ ისეთ ნაბიჯებზე წასვლას, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ნორმალური და კეთილისმყოფელი პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდეს. რატომ არის ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის, რომ საქართველოს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ჰქონდეს ან ეკონომიკური ურთიერთობები? რატომ, თუ თვითონ აქვთ? რატომ არის პრობლემა, რომ გამჭვირვალობის, დემოკრატიის, ღიაობის მღაღადებელ ევროპას ჰქონდეს ანალოგიური დამოკიდებულება საქართველოსთან? ამიტომ ვამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან იმალება არა სამართლიანობა, არამედ პოლიტიკური მოტივაციით გაჟღენთილი ზეწოლა საქართველოზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.