ჩვენი გუნდის წევრები ყველა ფორმატში, ღია იქნება თუ დახურულ კარს მიღმა, ყოველთვის ერთსა და იმავეს ვაფიქსირებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციების, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის პატივისცემა მოხდეს. ამავდროულად, სხვა ქვეყნებსაც აქვთ შესაბამისი ინტერესები. მნიშვნელოვანია, ამ ინტერესებს შორის თანხვედრა მოხდეს, რასთან დაკავშირებითაც კომუნიკაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, სადაც რუბიომ აღნიშნა: „საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება. ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება“.
„ძალიან კარგია, როდესაც სხვადასხვა თანამდებობის პირები ჩამოდიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიმართული იყოს ურთიერთობების თვისობრივად ახალ სტანდარტზე, ახალ საფეხურზე გადასვლისკენ. ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ, ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცალსახაა. სამწუხაროდ, კვლავ არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული იყო წინა ადმინისტრაციის დროს და ეს გადაწყვეტილებები არ შეცვლილა. ამავდროულად, პოლიტიკურ დონეზე გამოხატულია ღირებულებებს შორის თანხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ ზეპირად გამოთქმულ ღირებულებებთან დაკავშირებული თანხვედრა პრაქტიკულ ქმედებებშიც გადაითარგმნოს. ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის. ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივს – პატივისცემას, თანასწორობას და ამაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ამ კუთხით ჩვენი ტრაექტორია ფიზიკურად ვერ შეიცვლება. იმედი გვაქვს, შეიცვლება ის ტრაექტორია, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას და ზემოდან ყურებით, გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, სისტემურად და სისტემატურად არღვევდა საქართველო-აშშ-ის წლობით ნაშენებ ურთიერთობებს. ამავდროულად, იმედი გვაქვს, პოლიტიკური განცხადებები გადაითარგმნება ქმედით, ხელშესახებ ქმედებებში. ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც სისტემურად გაწერილი იქნება ის ნაბიჯები, რამ უნდა მიგვიყვანოს რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.