იმედია, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება იმ მიმართულებასთან შედარებით, სადაც ქვეყანა დღეს იმყოფება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა.
რუბიომ უპასუხა კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვას.
უილსონის შეკითხვა: "პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელოც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას რეგიონში. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთანავე, ისინი ხელს უწყობენ ისლამურ რევოლუციურ გვარდიას და გვერდს უვლიან თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ შეჩერდეს სწრაფად მზარდი რადიკალიზაცია, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს?“
„საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული შეშფოთების საგანია. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ, რას მოითხოვს ეს და რისი შესრულება იქნება საჭირო. მათგან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მივიღეთ. ამიტომ, იმედია, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება იმ მიმართულებასთან შედარებით, სადაც ქვეყანა დღეს იმყოფება. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს?“ ჩვენ მათ ამაზე პასუხი გავეცით და ვიმედოვნებთ, ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და, შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ურთიერთობის ტრაექტორიას საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“, – განაცხადა მარკო რუბიომ.