გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ივნისის ბოლოს ევროპელი ლიდერების შეხვედრის გამართვას გეგმავს, რათა ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების მიმართ საერთო მიდგომა შეიმუშაონ. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაში გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. მათი მიზანია შეთანხმდნენ ზომების პაკეტზე, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპელი მოკავშირეები საკუთარ თავდაცვაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ.
წყაროების თანახმად, მერცი შეხვედრაზე ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მოწვევასაც გეგმავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 12 ივნისს პარიზში ცალკე შეხვედრას გამართავენ. ისინი ნატო-ს სამიტისთვის საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასა და ევროპაში შესაძლო კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში სამხედრო-სამეთაურო სტრუქტურების საკითხებს განიხილავენ.
ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ნატოს სამიტამდე შეთანხმებული პოზიცია მათ საშუალებას მისცემს, ვაშინგტონს წარუდგინონ გეგმა, რომელიც ევროპის მიერ თავდაცვის სფეროში უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებას დაადასტურებს.