საზოგადოებამ ჩემი წარსული და საქმიანობა კარგად იცის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასოდეს ვყოფილვარ. ეს უკვე ყბადაღებული თემაა და იმაზე საუბარი მომბეზრდა, ვითომ ოდესღაც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე ვიყავი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არასდროს ყოფილა ზურაბ ადეიშვილის მოადგილე.
„ამის გადამოწმებაც უმარტივესია, უბრალოდ, ეს კონკრეტული პირების ინტერესებში არ შედის. მეექვსე ნომრად თავად ჰყავთ ზაზა თავაძე, რომელიც იუსტიციის მინისტრობის დროს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და ამაზე რატომ არ იღებენ ხმას? მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი, რომელიც ხალხსა და ქვეყანას ემსახურებოდა, შეიძლება, კეთილსინდისიერად ემუშავა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ვმუშაობდი. დღემდე ვამბობ, რომ იმ პერიოდში ყველა ჩემს მოქმედებასა და საქმიანობაზე პასუხისმგებელი ვარ და პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომლის წევრი ვარ და ვიქნები, ეს „ქართული ოცნების“ გუნდია. პოლიტიკური ურთიერთობა სწორედ ამ ოჯახთან მაკავშირებს, რადგან ღირებულებითი ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ მაქვს. უსუსური ბრალდებებია, რომელსაც ჩვენ ამ ადამიანებისგან ვისმენთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.