ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ დროს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა შსს მინისტრი და მთავრობის მეთაური - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, "პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პირმა, ვისი ნებართვით თუ დუმილითაც დამპალი სისტემა ღირსებას ულახავს ჩვენს საზოგადოებას".
"გუშინ, საზოგადოებამ იხილა უმძიმესი კადრები, რომელზეც ჩანს არა მხოლოდ ერთი დანაშაული, არამედ დღევანდელი ქართული სამართალდამცავი სისტემის მთელი სიმახინჯე. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა „ციხის კადრების“ შედეგად და რომელსაც, პრაქტიკულად, გადაჰყვა წინა ხელისუფლება, თავად გახდა მოძალადე სისტემის შემოქმედი. რუსული კანონების და შემდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ასობით შემთხვევას, ფიზიკურად როგორ ძალადობდნენ, აწამებდნენ და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილის პირამდე მიჰყავდათ მშვიდობიანი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის თანამშრომლები. ამ დანაშაულთა ჩამდენები არათუ პასუხისგებაში მიუციათ, არამედ იდენტიფიცირებულებიც არ არიან. მაგრამ გორში მომხდარმა ინციდენტმა ცხადყო, რომ სამართალდამცავი სისტემა მთლიანად მომპალია: პოლიციელის ღირსებისგან და ადამიანობისგან დაცლილი ადამიანები აწამებენ ადამიანს და რომ არა შემთხვევით გადაღებული ვიდეოკადრები, დღეს განსასჯელთა სკამზე იჯდებოდა თავად დაზარალებული და არა ეს 6 პოლიციის მუნდირის შემარცხვენელი კრიმინალი. შემთხვევით გადაღებულმა ვიდეოკადრებმა მხოლოდ აისბერგის წვერი გამოაჩინა და დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომელსაც ერთი და ორი პირის საჩვენებლად პასუხისგებაში მიცემა ვერ უშველის, ისევე როგორც, ცოტა ხნის წინ 5 სპეცრაზმელის დაკავება არაფერს ნიშნავს იმ ასობით დანაშაულთან მიმართებაში, რომლის ჩაფარცხვასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს.
ქართულ ოცნებას ახლა მხოლოდ უწევს ამ პირების „გაწირვა“ და კვლავ შერჩევით სამართალს იყენებს. საზოგადოებას უჩენენ განცდას, თითქოს რაღაც გადაცდომა მოხდა, მაშინ როდესაც ბრალი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს წამების მუხლით, რაც მთელ საგამოძიებო პროცესს არსებითად შეცვლის. ამის საპირისპიროდ, გვახსოვს შერჩევითი, სადამსჯელო მიდგომა ალეკო ელისაშვილისთვის და მზია ამაღლობელისთვის მუხლების დემონტრაციულად გადაკვალიფიცირებით.
საქართველო გადაიქცა პოლიციურ სახელმწიფოდ, სადაც თვითნებობით გათამამებული პოლიციელები უკანონოდ აჩერებენ, ჩხრეკენ ბავშვებს, აკავებენ მოქალაქეებს და როგროც ვხედავდ, ძალადობენ და აწამებენ კიდეც.
ყველა პირი დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ დროს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა შსს მინისტრი და მთავრობის მეთაური.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პირმა, ვისი ნებართვით თუ დუმილითაც დამპალის სისტემა ღირსებას ულახავს ჩვენს საზოგადოებას"- თქვა სიორიძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.