პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აქციებზე დაკავებული პირების შეწყალება ვერ მოხდება, თუ მათი მხრიდან არ იქნება აღიარება, რომ იყო მიზანმიმართული შეტევა პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კონსტიტუციურ წყობაზე.
„ვიღაც ამბობს, რომ შეწყალების მიზანია, ამ ნაბიჯმა შერიგებას და მშვიდობას შეუწყოს ხელი. კი ბატონო, ამ ლოგიკას გავყვეთ. როდესაც ლაპარაკია, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ხელისუფლება არბევდა და ამ ხალხს იმიტომ არ უშვებენ ციხიდან, რომ პირსისხლიანი დიქტატურის მსხვერპლი არიან, აქ სიმართლე ხომ არ არსებობს? ჩვენ ვნახეთ, რომ იყო მიზანმიმართული შეტევა პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კონსტიტუციურ წყობაზე. აქედან გამომდინარე, მეორე მხრიდან თუ არ იქნება ამის აღიარება, შეწყალება ვერ შედგება. თუ გვინდა, შეწყალება გამოვიყენოთ, რათა იერიშის ახალი გუნდი შევქმნათ, ამას შეწყალება არ ჰქვია. კეთილი ინებონ და ყველა მხარემ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს. პირველ რიგში, იმ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, ვინც ამ ჯგუფებს ატრენინგებდა და ახალგაზრდებს ასეთი საქმიანობისკენ მოუწოდებდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.