მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ევროპამ და სხვა პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად რუსეთზე ეკონომიკური წნეხი უნდა გააძლიერონ, რათა მოსკოვი ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
როგორც სანდუმ პრაღაში გამართულ GLOBSEC-ის ფორუმზე აღნიშნა, კრემლი ამ ეტაპზე რეალურო სამშვიდობო მოლაპარაკებებით არ არის დაინტერესებული.
„უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე. არ მგონია, რომ კრემლი ახლა ომის დასრულებითა და სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებით იყოს დაინტერესებული. ამისთვის ევროპამ და დანარჩენმა მსოფლიომ უნდა გააძლიერონ ზეწოლა“, - განაცხადა მან.
სანდუმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საჭირო ნებისმიერი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.
მისი თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის ჰიბრიდულ ომთან გასამკლავებლად - მათ შორის კიბერშეტევების, საინფორმაციო მანიპულაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების უკანონო დაფინანსებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ.
„რუსეთი იყენებს ფართო ინსტრუმენტებს და ჩვენ ეს სერიოზულად უნდა აღვიქვათ და მოვემზადოთ“, - აღნიშნა მაია სანდუმ.