მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას: დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დღეს აშკარად არ მუშაობს. გამოაქვეყნონ გარდაცვალების რეალური სტატისტიკური მონაცემები; და რაც მთავარია, მიიღონ ქმედითი, სისტემური გადაწყვეტილებები, რათა შეჩერდეს ნარკოპანდემიის ახალი ტალღა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სიორიძის თქმით, საზოგადოებას მიზანმიმართულად უმალავენ სიმართლეს. უკვე მესამე წელია ქვეყანაში ნარკოვითარება ფაქტობრივად უკონტროლოა.
"ბოლო დღეებში ქვეყანაში ნარკოვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ოფიციალური მონაცემები სრულ სურათს არ აჩვენებს, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა. მხოლოდ ბოლო ორ დღეში 10-მდე ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკოტიკის მოხმარებით. ეს უკვე აღარ არის ცალკეული შემთხვევები, ეს არის ნარკოპოლიტიკის სისტემური კრიზისი.
საქართველოში წლებია არ არსებობს ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალებების რეალური და გამჭვირვალე სტატისტიკა. საზოგადოებას მიზანმიმართულად უმალავენ სიმართლეს. უკვე მესამე წელია ქვეყანაში ნარკოვითარება ფაქტობრივად უკონტროლოა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ მართავს სიტუაციას და, რაც უფრო საგანგაშოა, არ ავლენს პოლიტიკურ ნებას, მოაგვაროს ეს უმძიმესი პრობლემა.
დიახ, ყოველდღიურად ვხედავთ ნარკორეალიზატორების დაკავებების შესახებ კადრებს, მაგრამ ეს არის მხოლოდ ზედაპირული, არაკომპლექსური ბრძოლა. არ ჩანს სისტემური პოლიტიკა. არ არსებობს პრევენცია. არ არსებობს რეაბილიტაცია.
ხშირად დამოკიდებულ ადამიანს სამართალდამცავი სისტემა უფრო „დამნაშავედ“ აღიქვამს, ვიდრე პაციენტად - საქსტატის მიხედვით, 2025 წელს მსჯავრდადებულთა რაოდენობა 22,767-ია. აქედან ნარკოდანაშაულს უკავშირდება 5,322 (ყველაზე დიდი კატეგორია). 2024 წელს ნარკოდანაშაული იყო 2,814, რაც ნიშნავს რომ ერთ წელიწადში მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.
ნარკოდამოკიდებული ადამიანები რჩებიან სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემა ფაქტობრივად მოშლილია, პროგრამები არაეფექტურია და ვერ პასუხობს არსებულ მძიმე გამოწვევას.
ჩანაცვლებითი თერაპიის რეფორმის შემდეგ შავი ბაზრის გაძლიერება აშკარაა. მომხმარებელი მთლიანად არალეგალურ ბაზარზეა დამოკიდებული, რაც ქვეყანაში ზრდის დაბინძურებული ნივთიერებების შემოდინებას; საქართველოში კრიმინალური ქსელები ძლიერდება და კონტროლი რეალურად მოშლილია.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რეალურად უარს ამბობს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაზე. ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას: დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დღეს აშკარად არ მუშაობს;
გამოაქვეყნონ გარდაცვალების რეალური სტატისტიკური მონაცემები; და რაც მთავარია, მიიღონ ქმედითი, სისტემური გადაწყვეტილებები, რათა შეჩერდეს ნარკოპანდემიის ახალი ტალღა.
დღეს უკვე საუბარია არა მხოლოდ კრიმინალზე. საუბარია სიცოცხლეზე, ახალგაზრდებზე და ქვეყნის მომავალზე. სახელმწიფოს დუმილი ამ საკითხზე ნიშნავს თანამონაწილეობას ამ ეროვნულ ტრაგედიაში", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.