რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით 670-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და 56 რაკეტა გაუშვეს. გამოყენებული იყო ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ეს ნამდვილად არ არის მათი ქმედება, ვისაც სჯერა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება.
მისივე თქმიტ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პარტნიორები ამ თავდასხმაზე დუმილს არ ინარჩუნებდნენ.
"კიევში ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია რუსული დრონით განხორციელებული იერიშის ადგილზე, სადაც ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად განადგურდა. ნანგრევებიდან უკვე მრავალი ადამიანი გამოიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, არსებობს შიში, რომ კიდევ შეიძლება იყვნენ ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეები.
ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით 670-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და 56 რაკეტა გაუშვეს. გამოყენებული იყო ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი იყო.
ქალაქის 20 სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა დაზიანება - საცხოვრებელ სახლებში, სკოლაში, ვეტერინარულ კლინიკაში და სხვა სრულიად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში. ასევე ზარალი აღირიცხა კიევის ოლქში, ხოლო ანალოგიური იერიშები განხორციელდა ენერგოინფრასტრუქტურაზე კრემენჩუკში და პორტისა და საცხოვრებელ ზონებზე ჩორნომორსკში.
სულ, გუშინდელი ღამის შუაღამის შემდეგ, რუსეთმა ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე 1,560-ზე მეტი დრონი გამოიყენა. ეს ნამდვილად არ არის მათი ქმედება, ვისაც სჯერა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ამ თავდასხმაზე დუმილს არ ინარჩუნებდნენ. ასევე აუცილებელია, გაგრძელდეს ჩვენი ცის დაცვის მხარდაჭერა. საჭიროა PURL-ის ინიციატივა, რათა უკრაინამ შეძლოს მსგავს ბალისტიკურ დარტყმებთან გამკლავება.
და ასევე, ყველას ინტერესში, ვინც მშვიდობას ისახავს მიზნად, საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას", - წერს ზელენსკი.