ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გამოეხმაურა რუსეთის მიერ 14 მაისის ღამეს უკრაინის რეგიონებზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ -ში დაწერა.
ცაჰკნამ განაცხადა, რომ კიევის წინააღმდეგ გაშვებული დრონები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ომის გაგრძელებას და უკრაინის განადგურებას ცდილობს.
„თუ ვინმეს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მტკიცებულება, რომ რუსეთს თავისი მიზნები არ შეუცვლია - აი, ის“, - აღნიშნა ესტონელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ამის შესაჩერებლად საჭიროა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერა და რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება.
„უკრაინის პოზიციების გაძლიერება და რუსეთისთვის იმის გააზრება, რომ მისი სტრატეგია მარცხდება, არის ერთადერთი გზა რეალური და მდგრადი მშვიდობისკენ“, - დაწერა X- ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
14 მაისის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში განახორციელეს. გამოყენებული იყო აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალი“, ბალისტიკური რაკეტები „ისკანდერ-М“/S-400, ფრთოსანი რაკეტები Х-101 და 675 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 41 რაკეტისა და 652 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
კიევში ამ იერიშის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა. დარნიცის რაიონში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.