ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტს ამზადებს. მთავარი სამიზნე ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები იქნება, რომლებიც რუსული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გადატანას ემსახურებიან.
როგორც Politico-ს ევროკავშირის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ეს ნაბიჯი კრემლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყაროს შეზღუდვას ისახავს მიზნად და ვლადიმირ პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა მან უარი თქვას მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე უკრაინასთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
მოსალოდნელია, რომ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც სავარაუდოდ ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ამოქმედდება, ასევე შეეხება რუსულ ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამხედრო-ინდუსტრიულ კომპანიებს, ასევე იმ ფირმებს, რომლებიც უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდიან.
ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა მანამდე უნგრეთის ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მიერ დაბლოკილი სანქციების ნაწილი, გააქტიურებას ელოდებიან, მათ შორის განიხილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების, მათ შორის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ ზომებიც.
ამასთან, ევროკომისია შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს რუსეთის გემების საზღვაო ტრანსპორტის აკრძალვის იდეას, რომელიც მანამდე მალტასა და საბერძნეთს ბლოკირებული ჰქონდა.