უკრაინის საკითხში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში ვიზიტსა და ამასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.
"რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს, მე ადრეც გამიკეთებია განცხადებები ამ თემაზე. ჩვენ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ და მე ვთქვი, რომ უკრაინის საკითხში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები", - განაცხადა ფაშინიანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ალმა-ათის დეკლარაციას, რომლის საფუძველზეც ერევანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესს აწარმოებს.
„თქვენ იცით, რაოდენ მნიშვნელოვანი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ალმა-ათის დეკლარაციას; ჩვენ ვეყრდნობით ამ დეკლარაციას და სწორედ ამ საყრდენზე ვაშენებთ მშვიდობას აზერბაიჯანთან. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, - აღნიშნა პრემიერმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანს 4 მაისს ეწვია ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად.