დრო მოვა, არ შემრცხვება ჩვენს გმირებს - მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო. მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე. 100 წლის შემდეგ ჭიქას რომ აწევენ არ გაუჩნდებათ კითხვა სად იყო მამაჩემი, ბაბუაჩემი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი ნადირაძემ დასკვნით სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"ანტიკურ დროში იყო პური და სანახაობა - ბიძინას ხელში გვაქვს სუპი და სანახაობა. არცერთ ბრალს არ ვაღიარებ. თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუ ვინმე აგებს პასუხს ამ ბრალზე ეს იყო ივანიშვილი. თუ ვინმემ შექმნა ორგანიზებული ჯგუფები ეს იყო ივანიშვილი. რა დროც არ უნდა გავიდეს ყველას მოეკითხება. მე ერთს ვიტყვი, დრო მოვა არ შემრცხვება - ჩვენს გმირებს მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო. მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე - 100 წლის შემდეგ ჭიქას რომ აწევენ არ გაუჩნდებათ კითხვა სად იყო მამაჩემი, ბაბუაჩემი.
მართლა გგონიათ, რომ ხალხი აქციაზე დგომისთვის ფულს იღებს?! ვინმეს მართლა გგონიათ, რომ ოჯახებთან ყოფნას, საყვარელი საქმის კეთებას, აქციებზე დგომა გვირჩევნია?
ბატონი პაატას [ბურჭულაძის] ერთი კონცერტის ჰონორარი შეიძლება აღემატებოდეს იმას, რაც ამ პროკურორებმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება აიღონ, მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა.
ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციებზე დგომა. ეს არც ჩვენი ჰობია და არც გატაცება. დაკითხვისას პროკურორმა მკითხა, როგორ უნდა იცვლებოდეს ხელისუფლებაო. დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების გზით და ამისთვის გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში. მაშინ აღარავის დასჭირდება ქუჩაში გამოსვლა და „მშვიდობიანი რევოლუციის“ ხსენება.
ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. როცა გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და აღიარა დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ უბინძურესი მეთოდებით მოვიდა „ოცნება“ ხელისუფლებაში.
დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა ამის შესახებ სააკაშვილი, მაგრამ მან დათმო ხელისუფლება, იმიტომ, რომ ნამდვილი ლიდერები იქცევიან ასე.
იყო „ქართული ოცნება“ სწორი არჩევანი? ხალხმა ამაზე პასუხი მალევე მიიღო, როცა პირველი კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა იყო.
დიახ, „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა სწორი არჩევანი, საბედისწერო და ტრაგიკული იყო. მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაშინ ყველას ეგონა, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდოდა და არა აშხაბადისკენ. პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რომ ახალ მთავრობას ჰქონოდა ყველა შესაძლებლობა, შეესრულებინა დაპირებები,“ [შიფრი:"ტვ პირველი"] - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს გამოაცხადებს.