უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მანამაში ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას შეხვდა. ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული მდგომარეობა, ასევე უსაფრთხოების სფეროში ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები.
„ვისაუბრეთ ირანიდან განხორციელებულ დარტყმებზე ბაჰრეინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ასევე ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ ვითარებაზე.
თითქმის ყოველდღე ჩვენი ქვეყანაც ექვემდებარება მსგავს ტერორისტულ დარტყმებს და ჩვენს ხალხს აქვს სრულმასშტაბიანი დაცვის შესაბამისი გამოცდილება. უკრაინა მზად არის, გაუზიაროს ბაჰრეინს ასეთი უსაფრთხოების ექსპერტიზა და დაეხმაროს სიცოცხლის დაცვის გაძლიერებაში. შევთავაზე Drone Deal-ის გაფორმება და თანამშრომლობის გაფართოება ბაჰრეინთან; შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები დეტალებს დაამუშავებენ.“ - თქვა ზელენსკიმ.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და აგრარული წარმოების სფეროში პარტნიორობას.
ასევე განიხილეს საელჩოების გახსნის საკითხი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი ბაჰრეინში და ასევე უკრაინისა და ბაჰრეინის ლიდერების პირველი შეხვედრა 2003 წლის შემდეგ.