აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაეცნო ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას, თუმცა უარყო. ეს განცხადება მან ისრაელის გამოცემა Kan News-ის ჟურნალისტ ნათან გუტმანთან გააკეთა.
„ჩემთვის ეს მიუღებელია. შევისწავლე, ყველაფერი შევისწავლე, ეს მიუღებელია“, - თქვა ტრამპმა.
როგორც CNN წერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გადასცა. მისი თქმით, თეირანი ვაშინგტონის პასუხს სწავლობს.
„ჩვენი 14-პუნქტიანი გეგმა სრულად ეხება ომის შეწყვეტას და არ მოიცავს ბირთვულ საკითხებს. ამ ეტაპზე ვკონცენტრირდებით რეგიონში ომის შეწყვეტის კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის ლიბანშიც“, - განაცხადა ბაღაიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანის წინადადება ბირთვულ პრობლემას არ ეხება და დასძინა, რომ აშშ-ის მხრიდან ჰორმუზის სრუტის განაღმვის მოთხოვნა ირანის გეგმაში არ შედის.
აშშ-მა ირანს ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა თეირანი მიიჩნევს, რომ საკითხები 30-დღიან ვადაში უნდა მოგვარდეს და მოლაპარაკებები უნდა იყოს მიმართული ომის დასრულებაზე და არა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე.