ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთი უნდა აიძულონ რეალური სამშვიდობო დიალოგისკენ და არა „ვედრონ მას მოლაპარაკებებზე.
ამის შესახებ კალასმა განცხადება ჩრდილოეთ-ბალტიის რვიანის (NB8) შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აზიანებს თუ არა ევროპა საკუთარ ინტერესებს იმით, რომ რუსეთთან დიალოგში არ ერთვება მაშინ, როცა ამას აშშ აკეთებს, კალასმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი რეალური დიალოგის დაწყებას ცდილობს, შესაბამისად, ევროპელებმა არ უნდა სთხოვონ მას მოლაპარაკებებს დათანხმდეს.
„ჩვენ არ უნდა დავიმციროთ თავი და ვემუდაროთ - გევედრებით, დაგველაპარაკეთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც ისინი იძულებული იქნებიან, იმიტაციიდან რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ,“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კვიპროსზე გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის მიმართ მოთხოვნებს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვგეგმავთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან კვიპროსზე განვიხილოთ ისიც, თუ რა მოთხოვნები გვაქვს რუსეთის მიმართ ამ ომის დასრულების შემდეგ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენს არც ერთი ქვეყნისთვის და არც მთლიანად ევროპისთვის... ვიდრე მათთან საუბარს დავიწყებთ, რეალურად უნდა შევთანხმდეთ, რაზე გვინდა საუბარი,“ - განმარტა კალასმა.