აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება, რომელიც კონგრესმა ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა, 28 აპრილს გამოიყო.
ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ჰეგსეთმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა გააკრიტიკა აშშ-ის ომის დეპარტამენტი დახმარების პაკეტის გადადების გამო.
სენატორმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება, რომელიც რამდენიმე თვის წინ დამტკიცდა, ამ დრომდე პენტაგონში იყო „გაჩერებული“. მისი თქმით, სენატის ასიგნებების კომიტეტის წევრებმა განმარტებების მოთხოვნით მიმართეს ომის დეპარტამენტის პოლიტიკის განყოფილებას, სადაც მათ არასაკმარისი პასუხი მიიღეს.
მაკკონელმა ასევე გაიხსენა, რომ წინა წელს სწორედ პენტაგონის წარმომადგენელი ელბრიჯ კოლბი მონაწილეობდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებაში.
ამ ფონზე, 29 აპრილს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში გამოსვლისას პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხები უკვე გამოიყო.