რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, 28 აპრილის ღამეს დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეში მდებარე საზღვაო ტერმინალსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ინფორმაციას Shot, Astra და სხვა ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
„ამ ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ უტევენ ტუაფსეს, ქალაქის თავზე ისმის აფეთქებების ხმა და მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ერთ-ერთ რაიონში თვითმხილველები ხანძრის შესახებ იუწყებიან“, - წერს Shot.
ტელეგრამ-არხების ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ორი საათის განმავლობაში ათზე მეტი ძლიერი აფეთქება დააფიქსირეს.
მათი თქმით, სავარაუდოდ „მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფები ზღვის მხრიდან დაბალ სიმაღლეზე მოძრაობდნენ“.
გავრცელებულ ცნობებში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი გაჩნდა - ჩანს ცეცხლი და კვამლი.
ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, შეტევის სამიზნე გახდა საზღვაო ტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
მოგვიანებით რუსულმა ტელეგრამ-არხმა Astra გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ანალიზით, თვითმხილველების ვიდეომასალების მიხედვით, შეტევის შედეგად ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი მართლაც ფიქსირდება.
წინასწარი შეფასებით, დაზიანდა რეზერვუარების პარკი, რომელიც მდებარეობს დანადგარ „ЭЛОУ-АВТ-12“-ის მიმდებარედ.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაადასტურა, რომ 26 აპრილს ქალაქ იაროსლავლში მდებარე ოკუპანტების ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შედეგად ნავთობის ვაკუუმური გადამუშავების დანადგარი დაზიანდა.
ასევე დადასტურებულია, რომ 20 აპრილს კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რაიონში განხორციელებული დარტყმის შედეგად განადგურდა 24 რეზერვუარი და დაზიანდა კიდევ ოთხი.