ნატო-მ დონალდ ტრამპთან შესაძლო დაძაბული შეხვედრების თავიდან ასაცილებლად, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, შესაძლოა ყოველწლიური სამიტები გააუქმოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ალიანსის 77-წლიანი ისტორიის განმავლობაში სამიტების სიხშირე არაერთხელ შეცვლილა, თუმცა 2021 წლიდან ლიდერები ყოველ ზაფხულს იკრიბებიან. მიმდინარე წელს ისინი 7–8 ივლისს შეხვდებიან ანკარაში.
თუმცა, წყაროების თქმით, ზოგიერთი წევრი ქვეყანა მოითხოვს ამ ტემპის შემცირებას. ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ 2027 წლის სამიტი, რომელიც ალბანეთში უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩატარდება, ხოლო 2028 წელს, როცა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია და დონალდ ტრამპის ვადის ბოლო სრული კალენდარული წელი, შესაძლოა საერთოდ არ გაიმართოს.
კიდევ ერთმა დიპლომატმა თქვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა სამიტების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას ემხრობა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ბოლო სიტყვა ალიანსის გენერალურ მდივანს - მარკ რუტეს ეკუთვნის.
„ალიანსი გააგრძელებს სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელების რეგულარულ შეხვედრებს, ხოლო სამიტებს შორის წევრები კვლავაც გააგრძელებენ კონსულტაციებს, დაგეგმვას და გადაწყვეტილებების მიღებას ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებზე,“ - განუცხადა გამოცემას ნატო-ს წარმომადგენელმა.