პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაზე მოკლევადიან პერიოდში — თვეების, და არა წლების განმავლობაში — იერიში მიიტანოს. ამასთან, მან გამოთქვა შეშფოთება, რამდენად მზად არის აშშ ნატო-ს ფარგლებში ევროპის დასაცავად ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მსგავსი სცენარის შემთხვევაში.
„მთელი აღმოსავლეთ ფლანგისთვის, ჩემი მეზობლებისთვის… მთავარი კითხვა ის არის, რჩება თუ არა ნატო ორგანიზაციად, რომელიც პოლიტიკურად და ლოგისტიკურად მზად არის რეაგირებისთვის, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის თავდასხმას გადაწყვეტს“, — განაცხადა ტუსკმა Financial Times-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მისი სიტყვები არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სკეპტიციზმი ნატო-ს მეხუთე მუხლის მიმართ, არამედ როგორც „იმედი, რომ ქაღალდზე არსებული გარანტიები რეალურ, პრაქტიკულ მოქმედებებად გადაიქცევა“.
„ეს ნამდვილად სერიოზულია. მე ვსაუბრობ მოკლევადიან პერსპექტივაზე — უფრო თვეებზე, ვიდრე წლებზე,“ — განაცხადა ტუსკმა რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მას „არანაირი კომპლექსი არ აქვს“ აშშ-პოლონეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი კითხვა არის ის, როგორ იმუშავებს ეს ურთიერთობები რეალური საფრთხის შემთხვევაში.
„მინდა მჯეროდეს, რომ [ნატო-ს მეხუთე მუხლი] კვლავ მოქმედია, მაგრამ ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კითხვები მიჩნდება. არ მინდა ზედმეტად პესიმისტი ვიყო… მაგრამ დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება პრაქტიკული კონტექსტი“, - აღნიშნა მან.
ტუსკმა მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როდესაც გასულ წელს დაახლოებით 20-მა რუსულმა დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე, თუმცა ნატო-ს ზოგიერთმა მოკავშირემ ეს ინციდენტი თავდასხმად არ მიიჩნია.
„მე პრობლემები მქონდა იმ ღამეს, სექტემბერში, როდესაც რუსებმა საკმაოდ მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს დრონების გამოყენებით. ჩემთვის ადვილი არ იყო ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ინციდენტი, არამედ კარგად დაგეგმილი და მომზადებული პროვოკაცია პოლონეთის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ტუსკმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ზოგიერთ მოკავშირეს „გაცილებით მარტივად ეჩვენებოდა, რომ თითქოს არაფერი მომხდარა“.
„ამიტომ მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ თუ რამე მოხდება… რუსეთმა იცოდეს, რომ პასუხი იქნება მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი,“ — განაცხადა მან.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა დარტყმის მოგერიებისთვის უნდა ფლობდეს რეალურ ინსტრუმენტებს და რეალურ ძალას, როგორც თავდაცვის საშუალებების, ისე ქვეყნებს შორის სამხედრო მობილობის კუთხით.
„პარადოქსულია, მაგრამ თუ უკრაინის ომში რაიმე დადებით ასპექტზე ვსაუბრობთ, ეს ერთ-ერთი მათგანია: ევროპა სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ ჩვენ სამხედრო და თავდაცვით საკითხებში ერთად ვიქნებით,“ — აღნიშნა მან.