უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის გადაწყვეტილება მიესალმა, რომლის მიხედვითაც უკრაინას 2026–2027 წლებში 90 მილიარდი ევროს კრედიტი გამოეყოფა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, 23 აპრილს ევროკავშირის საბჭომ წერილობითი პროცედურით დაამტკიცა მრავალწლიანი ბიუჯეტის ცვლილებები, რომლებიც ამ დაფინანსების გამოყოფას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას შესაძლებელს ხდის.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის. უკრაინისთვის ევროპული მხარდაჭერის პაკეტი გაიხსნა — ეს არის 90 მილიარდი ევრო ორ წელზე. ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს არმიას, უზრუნველყოფს მეტ მდგრადობას და საშუალებას მოგვცემს სოციალური ვალდებულებები შევასრულოთ კანონით განსაზღვრული წესით,“ - წერს ზელენსკი.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა პირველი ტრანში უკვე მაის-ივნისში გახდეს ხელმისაწვდომი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თანხა გამოყენებული იქნება იარაღის წარმოებისთვის, პარტნიორებისგან აუცილებელი შეიარაღების შესყიდვისთვის (მათ შორის ისეთი სისტემების, რომლებსაც უკრაინა ჯერ არ აწარმოებს) და ასევე ზამთრისთვის ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად.
დღეს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა.