უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე დაასრულა ნავთობსადენ „დრუჟბას“ იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა, და ახლა კიევი ევროპული დახმარების განბლოკვას ელოდება.
„ჩვენ ველით, რომ ამის შემდეგ განიბლოკება უკრაინისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც უკვე დამტკიცებულია ევროკავშირის საბჭოს მიერ,“ — განაცხადა ზელენსკიმ. საუბარია ევროკავშირის ლიდერების დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებაზე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ.
მისი თქმით, უკრაინა ასევე იმედოვნებს, რომ პარტნიორები ნაბიჯებს გადადგამენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის შესაბამისი კლასტრეების გახსნის მიმართულებით.
„ჩვენ უკვე შევასრულეთ ჩვენი სამუშაოს ნაწილი პირველ კლასტერებთან დაკავშირებით,“ — აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გარდა ამისა, საჭიროა რუსეთის მიმართ სანქციების ზეწოლის სისტემურად გაგრძელება და ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდების შემდგომ დივერსიფიკაციაზე მუშაობა.
"ევროპა უნდა იყოს დამოუკიდებელი მათგან, ვინც მის განადგურებას ან დასუსტებას ცდილობს,“ — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება მომდევნო 24 საათში იქნება მიღებული