შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, გასული კვირის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სუდანის, უზბეკეთის, ფილიპინების, ბანგლადეშის, იორდანიის, რუსეთის, სომალის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 97 მოქალაქე.
ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გაძევებულ არალეგალთა რაოდენობა უკვე 1000 პირს აჭარბებს, რაც გასული წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, უპრეცედენტო შედეგს წარმოადგენს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.