უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე ოკუპანტების ღამით განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე პატარა დაშავებული ჯერ ერთი წლისაც არ არის.
ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რათა ის კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.
„ღამით რუსებმა ოდესას თავდასხმის დრონებით შეუტიეს. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი და რაიონის ელექტროქვესადგური.
ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის აღსადგენად სარემონტო ჯგუფები შუაღამის შემდეგ მუშაობენ“, - წერს უკრაინის ლიდერი.
მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის ორი წლის ბავშვის. კიდევ თექვსმეტი ადამიანი დაშავდა.
„ჩვენმა ექიმებმა თერთმეტი მათგანი, მათ შორის ორსული ქალი და ორი ბავშვი, ჰოსპიტალში მოათავსეს. ყველაზე უმცროსი ერთი წლისაც არ არის“, - წერს ზელენსკი.
გარდა ამისა, ზელენსკის ცნობით, ხარკოვის რეგიონში ორი ადამიანი დაშავდა.
ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვისა და დნიპროს ოლქებში ენერგეტიკული ობიექტები მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა.
„მხოლოდ ერთ ღამეში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 140-ზე მეტი თავდასხმის დრონი გაუშვეს და მათგან დაახლოებით 80 „შაჰედი“ იყო. ზოგიერთ რაიონში დარტყმები გრძელდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ბოლო კვირის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ 2800-ზე მეტი თავდასხმის დრონი, დაახლოებით 1350 მართვადი საჰაერო ბომბი და 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლეს.
„ახლა ყველა პარტნიორმა ერთად უნდა იმუშაოს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა ჩამოგდებული დრონებისა და რაკეტების პროცენტული მაჩვენებელი ყოველ ჯერზე გაიზარდოს. ეს ყველას ყოველდღიური საქმეა და არა მხოლოდ უკრაინის, რადგან ჩვენი მომარაგებითა და მხარდაჭერით, ერთად მუშაობით, ჩვენი პარტნიორები საკუთარ თავს ეხმარებიან. რუსეთს გაჩერების განზრახვა არ აქვს“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, „ვინც ამას ხვდება და ჩვენს საერთო თავდაცვაში წვლილი შეაქვს“.