აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მის კოლეგას აფგან სადიგოვს, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოდან გააძევეს, ბაქოში „სიკვდილი ელოდება“.
ჟურნალისტის შეფასებით, წინასწარ იყო "შემუშავებული ეშმაკური" გეგმა და „ივანიშვილის მთავრობამ“ და თბილისის სასამართლოს „ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა“ უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს.
„გურჯი კოლეგებს, საქართველოს დემოკრატიულ ძალებსა და იმ მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვთან ერთად თავისუფლების მოედანზე მხარდამხარ იბრძოდნენ ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ, ვთხოვ აფგან სადიგოვის დაცვას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ღამის საათებში, საათის ისრის 02:00 საათზე, ღამურების მსგავსად სხდომა ჩაატარა და გადაწყვიტა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაცია. საქართველოს ისტორიაში რამდენჯერ ჩატარდა სასამართლო პროცესი კვირა დღეს, ღამის 2 საათზე? აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა პირდაპირი როლი შეასრულა. უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით აფგანი აზერბაიჯანს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ მეც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამიტაცა.
წინასწარ იყო შემუშავებული ეშმაკური გეგმა. აფგან სადიგოვის პასპორტი დეაქტივირებულია, რათა მან მესამე ქვეყანაში გადასვლა ვერ შეძლოს. ბაქოში მას სიკვდილი ელოდება. ივანიშვილის მთავრობამ და თბილისის სასამართლოს ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს“, - წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.
ცნობისათვის, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.
საქმეზე - „აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ აფგან მუხთარლის უნდა გადაუხადოს ჯამში 12 500 ევრო, აზერბაიჯანის მთავრობამ - 8.500 ევრო.